გიორგი ტყემალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას, რომელიც თბილისში ხორციელდება, ალტერნატივა არ აქვს
საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას, რომელიც თბილისში ხორციელდება, ალტერნატივა არ აქვს, -ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ქალაქში ნაკადების მართვა და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა წარმატებული იყოს. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი ნიშნავს, რომ რეფორმა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, სწორად მიმდინარეობს.
„როგორც დღეს ითქვა, ორი დღის წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და გადააჭარბა ერთ მილიონს. რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ რეფორმა, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქალაქში, წარმატებულია და ჩვენ მივდივართ იმ შედეგისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ არის დისკომფორტი, რაც ყველა რეფორმას თან სდევს ამა თუ იმ მიზეზიდან გამომდინარე. მაშინ როცა ქალაქში ორი მნიშვნელოვანი გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, გადაკეტილია, რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივი, თუმცა ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ინფრასტრუქტურა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მელიქიშვილის და ქეთევან დედოფლის გამზირებზე, რა თქმა უნდა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, სრულად რეაბილიტირებულ საკომუნიკაციო საშუალებებს, ასევე სატრანსპორტო პოლიტიკიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების კიდევ უფრო უკეთესად მართვას,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ იმ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან დაანონსებული იყო. ესენია: ქვეითი, ეკომეგობრული ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბოლოს კერძო ავტომობილი.
„ეს არის ის პრიორიტეტები და იმგვარად გადანაწილებული, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მე მინდა გითხრათ, რომ ევროპის თუ მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში აღნიშნული პრობლემა არის ამგვარად გადაწყვეტილი. შესაბამისად, რეფორმა, მისი მიმდინარეობა და ინფრასტრუქტურის განახლება, შედეგად მოგვცემს ქალაქის ათი ძირითადი დერეფნის გამართულ და კომფორტულ მუშაობას,“- დასძინა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე განცხადებით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა რიცხვი კიდევ უნდა გაიზარდოს და ისინი უნდა სარგებლობდნენ კომფორტული სერვისით. გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება მხოლოდ ახალ ავტობუსებს არ ნიშნავს, თუმცა მისივე თქმით, ეს არის რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დასძინა, რომ დღეს დედაქალაქში ნაცვლად 450 ამორტიზებული ყვითელი ავტობუსისა, მოძრაობს 850 ახალი, ევროპული სტანდარტის ავტობუსი. ასევე ქალაქს 1000 ახალი მიკროავტობუსი ემსახურება, ნაცვლად ამორტიზებული ყვითელი მიკროავტობუსებისა. მან ერთიან, ინტეგრირებულ საშეღავათო პირობებსაც გაუსვა ხაზი, რომელიც მეტროს, ავტობუსის და მიკროავტობუსის მგზავრებს აქვთ საათ ნახევრის განმავლობაში. გიორგი ტყემალაძემ ბრიფინგის ბოლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა შეაჯამა და აღნიშნა, რომ რეფორმას ალტერნატივა არ აქვს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს პრობლემები, რისთვისაც ბოდიში უნდა მოვუხადოთ მოსახლეობას, მაგრამ ასევე ვთხოვოთ, რომ პროცესს გაგებით მოეკიდონ. ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქში იქმნება აბსოლუტურად ახალი სტანდარტით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, ნამდვილად მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც არის შესაფერისი ჩვენი ქალაქისთვის,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.