გიორგი შველიძე - მნიშვნელოვანია არა ის, რომ მხოლოდ ჩემს ნამუშევარს, არამედ ფილმ „ნამეს“ გამოარჩევენ
კინოოპერატორი გიორგი შველიძე ფილმისთვის „ნამე“ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების ჯილდოზე განსაკუთრებული მიღწევისთვის წარადგინეს. თებერვალში დაჯილდოების 33–ე ცერემონიაზე ამ დარგის გამორჩეულ მოღვაწეებსა და ნამუშევრებს დააჯილდოებენ. დაჯილდოების ცერემონია 9 თებერვალს შედგება. ქართველი ოპერატორი დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება.
„დიდი პატივია რომ გამოგარჩევენ, შეგამჩნევენ. ეს დაჯილდოება დიდი ცერემონიაა და თავისი არსით „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მერე, წლის მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება კინოსფეროში. ზაზა ხალვაშს მინდა მივულოცო, მის გარეშე არ იქნებოდა არაფერი – არც ფესტივალები, არც ჯილდოები და არც ეს ფილმი. მნიშვნელოვანია არა ის, რომ მხოლოდ ჩემს ნამუშევარს გამოარჩევენ, არამედ ფილმს გამოარჩევენ.
გადამღები ჯგუფი უფრო მეტად ფოკუსირებული იყო „ოსკარის“ ნომინაციაზე, „ნამე“ ცდილობდა, საქართველოდან უცხოენოვანი ფილმის ნომინაცია მოეპოვებინა. გრძელი და რთული გზა გავიარეთ. „ნამე“ გამოეთიშა ამ ბრძოლას“, – განუცხადა პირველ არხს გიორგი შველიძემ.
მისივე თქმით, ფილმის საოპერატორო ნამუშევარი წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთ ნომინაციაზე სექციაში, სადაც სულ სამი ფილმია ნომინირებული.
„ნამე“ რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმია, რომელიც საქართველოს მთებში მცხოვრები ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.