გიორგი შარვაშიძე - განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა მშპ-ს 6 პროცენტამდე უპრეცედენტოა
განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტამდე უპრეცედენტოა და მსგავსი მაჩვენებელი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მთავრობის ახალ ინიციატივასთან „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური განაცხადია.ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.
„მშპ-ს 6 პროცენტი – ეს არის უპრეცედენტო ზრდა, მსგავსი მაჩვენებელი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს. ძირითადი მიმართულება იქნება ხარისხის გაუმჯობესება. ეს არის ევროპული მიმართულება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ერთიან საგანმანათლებლო ევროპულ და კვლევით სივრცეში. ეს არის მართლაც დიდი განაცხადი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. ყველა თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული განაცხადია. ვუსურვებ ჩემს თავსაც, ჩვენს სტუდენტობასაც, პროფესურასაც, მოსწავლეებსაც, მასწავლებლებსაც, რომ ეს გეგმები განხორციელდეს“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.