პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა სტარტაპერებს პარტიის პროგრამული ხედვა გააცნეს.
პარტიის წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, სტარტაპერებთან, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანი სხვადასხვა მიმართულებით გამოთქმული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებაა.
„პარტიამ „საქართველოსთვის“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პროგრამული ხედვა, აქტიურად დავიწყეთ თემატური შეხვედრების სერია. ამჯერად შეხვედრა გვქონდა სტარტაპერებთან, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველაზე აქტიური სფერო, ვისთანაც უნდა ჰქონდეს პარტიას აქტიური კომუნიკაცია, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის, სტარტაპების წარმომადგენლები არიან. შეხვედრის მთავარია იდეა გახლავთ ის, რომ მოვისმინეთ მოსაზრებები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა. მათ ყველაზე კარგად იციან, რა სჭირდება დღეს ბიზნესს, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას. მინდა, გითხრათ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ აუცილებლად ასახავს ყველა ჯანსაღ ინიციატივას თავის პროგრამაში, როგორც ამ ეტაპზე, ისე მომავალშიც. მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, პარტიის პროგრამა იქნება მუდმივად განახლებადი, ცოცხალი დოკუმენტი“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ამასთან, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სტარტაპერებს შეეძლებათ, დისკუსიის ფარგლებში შესთავაზონ გარკვეული იდეები, რაც გათვალისწინებული იქნება პარტიის პროგრამულ მიმართულებებში.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი „საქართველოსთვის“ აგრძელებს საკუთარი პროგრამის პრიორიტეტების თემატური ჯგუფებისთვის გაცნობას. თემატური მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჟურნალისტებთან, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკურ საკითხებზე, გავაცანით ჩვენი პრიორიტეტები, მოვისმინეთ მათი აზრი და დღეს ვხვდებით ჩვენს სტარტაპერებს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში. მათ შეუძლიათ ახალი ბიზნეს ფორმირება და ბიზნესის ახალ სიმაღლეებზე აყვანა, ამ მიმართულებით ჩვენს პროგრამაში არის მთელი რიგი პრიორიტეტები გაწერილი. ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა სწორედ სტარტაპებს და მნიშვნელოვანია, რომ დღეს გავაცნოთ, ჩვენ როგორ ვფიქრობთ მათ დახმარებას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მათი მხრიდან მოვისმინეთ გარკვეული ტიპის იდეები, ვინაიდან ჩვენი პროგრამა არის ღია, ეს თავიდანვე დავაანონსეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მიზნობრივ, თემატურ ჯგუფებს კვალიფიციური დისკუსიის ფარგლებში თავად შეეძლებათ, შემოგვთავაზონ გარკვეული იდეები, რაც გათვალისწინებული იქნება ჩვენს პროგრამულ მიმართულებებში“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
გარდა ამისა, პარტიის წევრის, ბექა ლილუაშვილის თქმით, სტარტაპ ბიზნესის ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის განვითარება პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
„ჩვენ ვაგრძელებთ შევხედრებს ჩვენი პროგრამის განხილვის ნაწილში, რომელიც წარმოადგენს ინკლუზიურ პროცესს. დღეს გვქონდა შეხვედრა სტარტაპერებთან. მოგეხსენებათ, რომ სტარტაპინფრასტრუქტურის და ეკოსისტემის განვითარება არის ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. ზოგადად ამ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობა. ეს ნიშნავს ახალ მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს და ბიზნესს საქართველოში, რომელიც შემოიტანს ახალ ნოუჰაუს ახალი პროდუქციისა, თუ მომსახურების წარმოების მიმართულებით, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო. ჩვენ შევეხეთ პროგრამაში მოცემულ საკითხებს, მოვისმინეთ სხვადასხვა რეკომენდაცია. მნიშვნელოვანია, რომ თავად სტარტაპერები იყვენ ჩართული პროგრამის შემუშავების პროცესში, რათა პრორგამის მიერ მოტანილი შედეგები პირდაპირ იყოს მათთვის მომგებიანი, დაეხმაროს მათ თავიანთი ბიზნესსაქმიანობის სწრაფად განვითარებაში, რომ შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების საფუძვლები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.