გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. არასრულწლოვნის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარ პოზიციას საბოლოო სიტყვაში დააფიქსირებს, ვრცელ ჩვენებაზე კი უარს აცხადებს.
არასრულწლოვანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და არც პროკურატურის გამოკვლეულ მტკიცებულებებს ენდობა. ნ.ქ-ს ადვოკატის, დალი იმნაიშვილის თქმით, გამოკვლეული მტკიცებულებებით ჯგუფურად ორგანიზებული ძალადობა ვერ დასტურდება.
„დაცვის მტკიცებულებებიდან დარჩა სამი ბრალდებულის დაკითხვა. ჩვენებას დღეს ორი მოწმე მიცემს. მხოლოდ ნ.ქ იყენებს დუმილის უფლებას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ამ დაკითხვების შემდეგ რამდენიმე პროცესი გაიმართება კიდევ, შემდეგ დასკვნით სიტყვებს ვიტყვით. დაცვის მხარეს გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო არ მიიღებს სამართალთან აცდენილ გადაწყვეტილებას. არ დადასტურდა ბრალდებულების მიერ 225-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ორგანიზება. ვფიქრობ, რომ მოსამართლე იქნება ობიექტური. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს არ აძლევს ჩვენებას, ეს ჩვენი სურვილია და მას აქვს ამის უფლება. ის საკუთარ პოზიციას საბოლოო სიტყვის დროს დააფიქსირებს“, – განაცხადა ადვოკატმა.