გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და შსს-ს შესაბამისი განცხადებით მიმართეს.
ადვოკატების განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ საქმის მასალების ჩაბარების შემთხვევაში ხელი უნდა მოაწერონ ინფორმაციის გასაჯაროების დაუშვებლობაზე.
ადვოკატების განცხადებით, მათთვის ეს პოზიცია მიუღებელია, რადგან ეს ადვოკატებს ზღუდავს. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, გამოძიებას სურს, რომ მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი მასალები აჩვენოს საზოგადოებას და გაუთქმელობაზე ხელმოწერით არ ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ საქმეში არანაირი მამხილებელი მტკიცებულება არ დევს.
ადვოკატის თქმით, ამის მიუხედავად, ისინი მაინც შეისწავლიან საქმეს და განახორციელებენ ბრალდებულის დაცვას, რომელიც წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა.