ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მოსამართლის თანაშემწის ცნობით, იმის გამო, რომ საქმეში ექვსი არასრულწლოვანია, პროცესი დახურულია, შესაბამისად პროცესს არც მედიასაშუალებები არ ესწრებიან.
ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
„მოგვიწია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობა, რადგან ასეთი რაღაც არ გამიგია, რომ აღკვეთის ღონისძიება ინიშნება დილით და წინა დღეს, ღამის პირველ-ორ საათზე გადმომეცა საქმის მასალები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და თავს ცნობს უდანაშაულოდ. შუამდგომლობით მივმართავ პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ჩანს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში და მას ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია“,- განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.
ბრალდებული სპორტსმენების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს იმედი აქვს, რომ მოსამართლე არც ერთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას არ გამოიყენებს.
„მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება არ იმოქმედებდა ისე ქაოსურად, როგორც უკვე იმოქმედა. მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მივიღეთ, ცუდი რაღაც. ამ უბედურებას კიდე 17 ადამიანის უბედურება ემატება. საქმის მასალებში არსად არ დასტურდება ბრალეულობა. მიმაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაკავება და იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არც ერთ სპორტსმენზე და არც ერთ ადამიანზე არ გამოიყენებს.
იმედი მაქვს, ეს საქმე არ იქნება პოლიტიზებული და იქნება სამართლებრივ ჩარჩოში ჩამჯდარი. აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მოწმე გურო საუბრობს, რომ არანაირი იძულება არ განუხორციელებიათ იმ პირებს, რომლებიც „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში ისხდნენ. არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონიაო. ამ ვიდეო ჩანაწერში რამდენიმე წამი ჩერდება მანქანა, ხიდის ქვეშ არ ჩასულა მანქანა, მხოლოდ მაშინ ჩავიდა, როდესაც გურო ჩაისვეს და წავიდნენ“,- განაცხადა კობაიძემ.
როგორც ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ს-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, გვიან ღამით გადაეცათ მტკიცებულებები და დაცვის მხარეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ პირველი სხდომისთვის სათანადოდ მომზადებულიყვნენ.
მისივე თქმით, არც ერთი მოწმე არ საუბრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი რომელიმე კონფლიქტში მონაწილეობდა.
„არც ერთი მოწმე არ საუბრობს, რომ მან ვინმეს მიაყენა შეურაცხყოფა. ასევე ჩვენ გადმოგვეცა კადრები, სადაც მითითებული არის ბრალდების მხარის მიერ, რომ იყო ძალადობა. არც ერთ კადრში არ ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო ჩართული რაიმე სახის კონფლიქტში და იყო ძალადობა.
ახლა ხელთ მაქვს გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის ოთხი ოქმი. აქ არის გამოკითხვის ოქმი, სადაც ამირხანაშვილი საუბრობს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც შეხვდნენ მცხეთასთან, ხიდთან. არის მეორე ჩვენება, სადაც საუბრობს, რომ მის მიმართ არანაირ იძულებას ადგილი არ ქონია, იგი იძულების წესით არ წაუყვანიათ. მას ჰქონდა შეთავაზება, რომ შეეძლო დარჩენა. არსებობს ამირხანაშვილის არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. რატომ დაუჯერა პროკურატურამ იმ ჩვენებას, სადაც ამბობს, რომ იძულების წესით წაიყვანეს? არსად არ საუბრობს, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენეს მას მანქანაში ან ვინმე ფიზიკურად გაუსწორდა. სად არის აქ თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სად გადის ზღვარი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ქუჩაში არ დატოვებას შორის? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ არასრულწლოვნის ინტერესს“,- განაცხადა გელხაურმა.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ პროკურატურა 17-ივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.