გიორგი ქობულია - ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ტურისტული მომსახურების ხარისხიც უნდა გავაუმჯობესოთ
ჩვენი მიზანია, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ტურისტული მომსახურების ხარისხიც გავაუმჯობესოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება – 2018 წლის იანვარ-ივლისში აღნიშნული მაჩვენებელი 20 პროცენტზე მეტით გაიზარდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც დაესწრო, ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორთა წარმომადგენლებმა სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
„ჩვენ მოვისმინეთ და ვაპირებთ ვიმოქმედოთ მათი რეკომენდაციების მიხედვით ბევრ საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორისთვის პროფესიული კადრების მომზადების გაუმჯობესების, ტურისტული კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივების, ტურისტული ტრანსპორტის რეგულირებისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
„ვაპირებთ, გავაგრძელოთ მსგავსი შეხვედრები და ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, შევქმნათ ტურისტულ სექტორთან დაკავშირებული მრჩეველთა საბჭო, სადაც რეგულარულად მოვისმენთ სექტორის მონაწილეებისგან წინადადებებს და მათ ყურადღებას მივაქცევთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.