გიორგი ქობულია - საქართველოში ტურისტების რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე მოსახლეობა
დღესდღეობით საქართველოში ტურისტების რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე მოსახლეობა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქმიანი ტურიზმის სფეროს განვითარებას ეხებოდა.
გიორგი ქობულიას განცხადებით, ტურიზმი არის სფერო, სადაც საქართველო დიდი ტემპით ვითარდება, თუმცა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურიზმის მომსახურეობის სეგმენტის გაუმჯობესება.
„დღესდღეობით ტურიზმი არის სფერო, რომელიც გვაძლევს ჩვენი საექსპორტო შემოსავლების პრაქტიკულად 80 პროცენტს. ეს არის ის სფერო, სადაც ჩვენ გაქვს პოზიტიური ვაჭრობა და სადაც ვვითარდებით ძალიან დიდი ტემპებით. დღესდღეობით საქართველოში ტურისტების რაოდენობა უკვე არის ორჯერ მეტი, ვიდრე მოსახლეობა. ამ მაჩვენებლით ჩვენ უკვე ლიდერი ვართ მსოფლიოში. ჩვენ უფრო წინ ვართ ტურისტებისა და მოსახლეობის შეფარდების მიხედვით ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის იტალია და საფრანგეთიც კი. ეს ნიშნავს იმას, რომ დღესდღეობით მაქსიმალური ძალები უნდა მოვახმაროთ იმას, რომ იმ ტურისტებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, მოვემსახუროთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით. ამასთან დაკავშირებით ვგეგმავთ ძალიან სერიოზულ ღონისძიებებს, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, პირდაპირი ფრენების განვითარება“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
მისივე თქმით, ძალიან დიდი ძალისხმევა არის საჭირო განათლების სფეროში.
„ჩვენ უნდა უნდა მივცეთ განათლება ათობით ათას ადამიანს, რომელიც მოემსახურება ტურიზმის სეგმენტს. ეს არის მიმტანის, გიდის, მენეჯერის პროფესიები. ჩვენ გაქვს სერიოზული პროგრამა აგრეთვე საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ეს კომპლექსური პროგრამა მომავალი სამი-ოთხი წლის განმავლობაში მოგვცემს საშუალებას, რადიკალურად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი. ჩვენ გვჭირდება ტურიზმის მიქსში მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტების მოზიდვა. კერძოდ, ბიზნესსეგმენტის ტურისტები, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ბიზნესტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რაც იქნება პრიორიტეტი მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ კონკრეტულ ინიციატივებზე ბიზნესტურიზმის მიმართულებით, ისეთ ინიციატივებზე, როგორც მაგალითად დიდი საკონვენციო ცენტრის გაკეთებაა, მაგრამ იმაზეც ვიფიქრებთ, თუ როგორ კრეატიულად მივუდგეთ ამ საკითხს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.