გიორგი ქობულია - განვსაზღვრეთ დაბრკოლებები, რომლებიც ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის ათვისების მხრივ ჩვენს კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ
ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრაზე განვსაზღვრეთ რამდენიმე დაბრკოლება, რომელიც ჩვენს კომპანიებს ჯერ კიდევ გააჩნიათ, რომ ბოლომდე აითვისონ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ქობულიამ აღნიშნული კომენტარი მედიასთან „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით გამართული, ბიზნესსეტორის წარმომადგენლებისა და სესილია მალმსტრომის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ გვაქვს დაბრკოლებები ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ეფექტიანობაში. საქართველოდან საქონლის გატანა ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირი ჯდება, განსაკუთრებით ჩვენს კონკურენტ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენს კომპანიებს არ აქვთ ჯერჯერობით შესრულებული მოთხოვნები, ნაწარმოები საქონლის ხარისხზე და უსაფრთხოებაზე, რომელსაც გვიყენებს ევროკავშირი. ამ მოთხოვნებს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე იმას, რომ ქართულ კომპანიებს ჯერ კიდევ უჭირთ ევროკავშირის ბაზარზე მყიდველების მოძიება და მათთან მოლაპარაკებები.
„ეს არ არის მარტივი პროცესი. ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და ვთქვით, რა ზომებს მივიღებთ. მაგალითად, ვქმნით სპეციალურ კლასტერებს, სადაც ევროკავშირი დაეხმარება ჩვენს კომპანიებს ბაზარზე კონტაქტების დამყარებაში და მეტ საშუალებას მისცემს, კონსოლიდირებულად გაიტანონ საქონელი ევროკავშირის ბაზარზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.