გიორგი ქობულია - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე მსოფლიო რუკაზეა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თბილისში ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა, რადგან ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობები და ჰიდროელექტროენერგიის საკმაოდ დიდი რესურსია.
„დღევანდელი კონფერენცია იმის დასტურია, რომ ამ ბიზნესში მომუშავე ძალიან ძლიერი კომპანიები და სერიოზული ინვესტორები, საქართველოს სერიოზულად უყურებენ. ეს ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა და წაგვადგება არამარტო ეკონომიკის განვითარებაში, არამედ ჩვენი, ადამიანური ინტელექტუალურ- ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებაში, რადგან ეს სფერო დაკავშირებულია მაღალ ტექნოლოგიებთან. რაც უფრო მეტი კომპანია და მეტი ინვესტიცია იქნება ამ მიმართულებით, მით უფრო მეტი მაღალკვალიფიციური კადრი გვეყოლება. შესაბამისად, უნდა მივესალმოთ ასეთ კოოპერაციებს“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი, რომლის გახსნას საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, გიორგი ქობულია დაესწრო, სამი დღის განმავლობაში თბილისში ჩატარდება და მას 1 000-მდე მონაწილე დაესწრება, მათ შორის არიან მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. სამდღიანი სამიტის ფარგლებში დისკუსიები გაიმართება, სადაც კრიპტომაინერებსა და ბლოკჩეინის ენთუზიასტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს იდეები გაუზიარონ.