ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა
ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანია Input Output HK Ltd-სა (IOHK) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის პროცესში და „ციფრულ სამყაროსთან“ დაახლოებისთვის IOHK-ის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მემორანდუმის ფარგლებში განისაზღვრა როგორც თანამშრომლობის სფეროები, ასევე პრინციპები და პირობები.

IOHK-ის გამოცდილებას მხარეები გამოიყენებენ ორმხრივი ინტერესის სფეროებში, მათ შორის:

საქართველოს უნივერსიტეტებსა და პროექტებში, რომლებიც მხარს უჭერენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და ციფრულ აქტივებზე დაფუძნებული ფინანსური ტექნოლოგიების ბიზნესს; საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ბოლონიის პროცესში თანამედროვე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ინტეგრაციაში; სამინისტროს მიერ ინტერნეტში განსათავსებელი ინფორმაციის ბლოკჩეინის ტექნოლოგიით უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ გამოქვეყნებაში; სამინისტროს მიერ დაცვისა და კონფიდენციალობის სტანდარტების გაუმჯობესებაში DLT-3 ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით; ბლოკჩეინის ტექნოლოგიის იმ პროექტებში გამოყენებაში, რომლებიც სამინისტროს დაეხმარება სხვადასხვა ტიპის მომსახურების განხორციელებაში დაბალი ღირებულებით, სწრაფად და უსაფრთხოდ Smart Contacts-ების გამოყენებით.

Input Output HK Ltd წარმოადგენს გლობალური კვლევისა და განვითარების კომპანიას, რომლის მისიაა, გამოიყენოს კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინისგან წარმოშობილი ახალი ტექნოლოგიები, რათა გადაჭრას ძველი პრობლემები, როგორებიცაა ფინანსური ჩართულობა, არასტაბილური ან არაკეთილსინდისიერი ბაზარი და ცუდი ბიზნესპრაქტიკა.