გიორგი ქობულია - ჩვენ არ ვსაუბრობთ რკინიგზის პრივატიზაციაზე, არამედ რკინიგზის სავალ ნაწილზე კერძო ოპერატორების დაშვებაზე
ჩვენ არ ვსაუბრობთ რკინიგზის პრივატიზაციაზე, საუბარი იყო რკინიგზის სავალ ნაწილზე კერძო ოპერატორების დაშვებაზე, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ესენი არიან ოპერატორები, რომლებსაც აქვთ ვაგონების პარკი და ამბობენ, მოგვეცით საშუალება, რომ ჩვენი ვაგონით კერძო ტვირთი გადავზიდოთ. ამაში ცუდი რა არის?! ეს გამოიწვევს იმას, რომ იქნება რამდენიმე კომპანია, რომლებსაც თავიანთი ვაგონების პარკი ეყოლება და ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. ამას თავისთავად მოჰყვება ის, რომ რკინიგზის ეფექტურობა აიწევს, ტარიფები დაიწევს და ჩვენი ლოჯისტიკური და სატრანსპორტო სისტემის უპირატესობა გაიზრდება“, – განაცხადა ქობულიამ.
ამ განცხადებით გიორგი ქობულიამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად გამართლებულია ფოსტისა და რკინიგზის პრივატიზაცია, რადგან თანამედროვე ევროპაში ისინი აღქმულია, როგორც საზოგადოებრივი სიკეთეები და ბევრ ქვეყანაში მათზე ბუნებრივი მონოპოლია სახელმწიფოს აქვს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ უშვებს სახელმწიფო ხელიდან ამ სივრცეს, თუ ის კერძო პირისთვის საინტერესო და მომგებიანია, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო ეკონომიკის პრინციპია, რომელიც მთავრობის ეკონომიკური გუნდის ფილოსოფიაში არ დევს.
„ასეთივე პრინციპით შეგვიძლია, ნებისმიერი სხვა ეკონომიკური სექტორი გავხადოთ სახელმწიფო, რადგან ნებისმიერი სხვა მომგებიანი სექტორი შეიძლება, სახელმწიფო იყოს. იმას, რაც ბუნებრივი მონოპოლიაა, სახელმწიფოს საკუთრებაში ვტოვებთ. ბუნებრივი მონოპოლიაა სავალი გზები, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოს ხელში დარჩება, რადგან სავალი გზა არის ერთი და არ შეიძლება, მე ჩემი სავალი გზა მქონდეს, თქვენ კი, პარალელურად, თქვენი ააშენოთ. ეს ალბათ, ყველას სისულელედ მოეჩვენება. რაც შეეხება ამ სავალი გზების გამოყენებას, ხომ შეიძლება, მე ჩემი ვაგონი მყავდეს, თქვენ თქვენი?! ჩვენ ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ, ვის უფრო კარგი ვაგონი გვეყოლება და ვინ უფრო იაფად გადაზიდავს. აი, ეს არის კონკურენცია, რომელიც ეკონომიკურ ღირებულებას ქმნის და ჩვენ ამისკენ მივდივართ“, – განაცხადა ქობულიამ.
მისი თქმით, ფოსტის პრივატიზება იმიტომ არის რთული, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, წერილი და მცირე გზავნილი მიიღოს, იმის მიუხედავად, სად ცხოვრობს და დღევანდელი განვითარებული ქვეყნების წესითა და კანონით, ფოსტას ეს ვალდებულება აქვს.
„ამ ე.წ უნივერსალური სერვისის განხორციელება კომერციულ საფუძველზე შეუძლებელია, რადგან არ იქნება მართებული, რომ ვთქვათ, მთაში მცხოვრებ პენსიონერს უთხრა, წერილს მოგიტან და ამაში ფული გადაგვიხადე. ეს წარმოუდგენელია. უნივერსალური სერვისი ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ადამიანს წერილი და გზავნილი ნებისმიერ წერტილში მიაწოდოს. ამიტომ ამ ვალდებულებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.