გიორგი ქობულია - ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარს დეტალურად გამოვიძიებთ და მშენებლობებთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს მივიღებთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად დაღუპული მუშის ოჯახის წვერებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, მომხდარი დეტალურად იქნება გამოძიებული და მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდეს.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ჩვენ აუცილებლად დეტალურად გამოვიძიებთ ამ საკითხს და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ასეთი შემთხვევებისგან თავი დავიზღვიოთ“,- აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.