გიორგი ქობულია - 2020 წლის ბოლომდე საქართველოში 230-ზე მეტი ახალი სასტუმრო და ტურისტული განთავსების ობიექტი გაიხსნება
2020 წლის ბოლომდე საქართველოში 230-ზე მეტი ახალი სასტუმრო და სხვა ტურისტული განთავსების ობიექტი, 22 600 საწოლი ადგილით გაიხსნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.
მისი თქმით, ტურისტების განთავსების ობიექტები არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც აშენდება, რაც ადგილებზე ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
„სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის სფეროში უკვე დასაქმებულთა ან მომავალში ამ სექტორში დასაქმებით დაინტერესებულთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე. ვგეგმავთ 4-სეზონიანი ტურისტული ცენტრების განვითარებას, რომელიც მუშახელს დაასაქმებს არა მხოლოდ სეზონურად და ადგილებზე მომიჯნავე დარგებისთვის ყოველწლიური შემოსავლების მიღების წყარო გახდება,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 230 ტურისტული ობიექტიდან 32 მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო აშენდება, საიდანაც 14 თბილისში ამოქმედდება, დანარჩენი სასტუმროები განთავსდება ბათუმში, მწვანე კონცხზე, ქუთაისში, თელავში, აგრეთვე საქართველოს სამთო კურორტებზე – გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე.