გიორგი ონიანი - მე არ გამიგია, რომ 5 ნოემბრის კვირაში ჩატარდა თათბირი, ვინც დაასახელა ეს დრო, მას უნდა ჰკითხოთ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი აცხადებს, რომ თათბირზე, სადაც ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვაზე მიიღეს გადაწყვეტილება, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ.
ამის შესახებ გიორგი ონიანმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე გამოიკითხა.
ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტებმა გიორგი ონიანს მიმართეს კითხვით, რომ მისი კოლეგა ლევან ნატროშვილი სოსო გიორგაძის თათბირში მონაწილეობის შესახებ სხვაგვარად საუბრობს, კერძოდ: გუშინ დაკითხვიდან გამოსულმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა თქვა: „ჩვენ არ გვითქვამს, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სოსო გიორგაძემ თათბირი ჩაატარა, არ მაქვს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა თათბირი, ვინ ესწრებოდა ამ თათბირს”.
მანამდე კი, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ, რომელიც ამავე საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე ორი დღის წინ იმყოფებოდა, განაცხადა, რომ „მათი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეექმნება შთაბეჭდილება, რომ თათბირს სოსო გიორგაძეც ესწრებოდა“.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, კერძოდ თათბირის გამართვის თარიღს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ მათი წყარო საუბრობდა თათბირზე, რომელიც სავარაუდოდ, 5 ნოემბრის კვირაში გაიმართა. ამავე საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ონიანი ამბობს -„მე არ გამიგია, რომ 5 ნოემბრის კვირაში ჩატარდა თათბირი”.
„თქვენ თუ გაეცნობით ჩვენს 20 ნოემბრის განცხადებას, იქ ნათქვამი იყო, რომ თათბირი 10 დღით ადრე ჩატარდა. რომ გადავთვალოთ, მივალთ იმ თარიღამდე, როდესაც იყო თათბირი. მე არ გამიგია, რომ 5 ნოემბრის კვირაში ჩატარდა თათბირი. რიცხვი 5 ჩვენ არ დაგვისახელებია. მე ვერ გეტყვით, ვინც დაასახელა, მას უნდა ჰკითხოთ. ეს გამოძიების საქმეა და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ზუსტად როდის ჩატარდა ეს თათბირი, ვინ ესწრებოდა და ა.შ. ჩვენ ვეუბნებით, როდის ჩატარდა ეს თათბირი, ვინ ესწრებოდა და ა. შ. დანარჩენი, ვინ ესწრებოდა, რა მასშტაბი აქვს ამ სქემას და რა შეიძლება ყოფილიყო სიმართლე ან ტყუილი, უნდა დაადგინოს გამოძიებამ”, – განაცხადა გიორგი ონიანმა, რომლის თქმითაც, სამივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ინფორმაციის ერთი წყარო ჰყავთ.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სოსო გიორგაძე და ბეჟან ობგაიძე გამოიკითხნენ. პროკურატურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე და წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადეს.
ამასთან, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სოსო გიორგაძემ განაცხადა, რომ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნა, რომ 5 ნოემბრის კვირაში, სამსახურებრივი მივლინებით ჯაკარტაში იმყოფებოდა.