გიორგი მუმლაძე - ვამხელთ ნიკა მელიას, მის გარემოცვას, რატომ ჩამოშალეს პარტია, როგორ არამიზნობრივად დახარჯეს ამდენი რესურსი, ჩატოვეს სააკაშვილი ციხეში
გიორგი მუმლაძე - ვამხელთ ნიკა მელიას, მის გარემოცვას, რატომ ჩამოშალეს პარტია, როგორ არამიზნობრივად დახარჯეს ამდენი რესურსი, ჩატოვეს სააკაშვილი ციხეში

რუსული რეჟიმის დამარცხების რეცეპტია, ყველაზე დიდ პარტიაში – „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და ხელმძღვანელობა, რომლებმაც ეს პარტია მიიყვანეს უძრაობამდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ პარლამენტის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს ქუჩის პროტესტის ფლაგმანი.

„მოგესალმებით თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილიდან. რუსთაველი ყოველთვის იყო და იქნება ეპიცენტრი საქართველოს ისტორიისთვის. 1989 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერების თაოსნობით, ქართველი ხალხის თავგანწირვით, საქართველომ თავისუფლება მოიპოვა. მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია იყვნენ ამ ბრძოლის ფლაგმანები და მათ ეკუთვნით ეს უდიდესი დამსახურება.

რაც შეეხება 2003 წელს, 23 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით ეროვნული მოძრაობის იდეა გაგრძელდა და მშვიდობიანი რევოლუციით დაიწყო საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს აღმშენებლობა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა საზოგადოებას ვუთხრათ – დღეს ისევ თავზე გვაზის რუსეთის ბოროტების იმპერია, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი სულს გვიხუთავს, ჩვენს მომავალს ყოველდღიურად კლავს. ამიტომ, მისი დამარცხება აუცილებელია საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ამის რეცეპტი არის, ყველაზე დიდ პარტიაში – „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომლებმაც ეს პარტია თავიდან ბოლომდე მიიყვანეს უძრაობამდე და ჩამოშალეს.

ჩვენი მიზანია, ეს პარტია, ეს უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, ფლაგმანი ქუჩის პროტესტის, მთელი საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან, განსაკუთრებით – ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი თავს მოიყრის რუსთაველზე, შევიკრიბებით აქ და კიდევ ერთხელ გადაწყდება საქართველოს ბედი. როდესაც დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, საფუძველი ჩაეყრება თანამედროვე საქართველოს ევროინტეგრაციის ნამდვილ გზას, რომელსაც ასე უტიფრად გვართმევს და გვინგრევს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. დღეს ის კომფორტს გრძნობს, რადგან 600 000 მხარდამჭერის მიუხედავად, ამხელა მატერიალური რესურსის მიუხედავად, თავისი უუნარობით, არადემოკრატიული მართვით, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობით, ნიკა მელია და ეს გუნდი ვერ ახერხებს, გააერთიანოს პატრიოტი მებრძოლი ხალხი.

ხალხი ამიტომ გარბის ემიგრაციაში. მინდა, ეს ხალხი შემოვიკრიბო, ვიყოთ ბრძოლის ავანგარდში, შევქმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს პატრიოტიზმი, როგორც მთავარი იდეოლოგია. სწორედ აქ უნდა გადაწყდეს საქართველოს მომავალი. ხაზს ვუსვამ, მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს: თუ გინდათ ეს უძრაობა, ჭაობი, 12-პუნქტიანი რეზოლუციის მიუხედავად, ბიძინა არც ერთს არ ასრულებს, მიშას ციხეში კლავს, რომელიც არის პუტინის პირადი პატიმარი და მისი თავისუფლება მოთხოვნილია ყველა მაღალი ტრიბუნიდან; თუ გვინდა, რომ ეს უძრაობა გაგრძელდეს, უპერსპექტივობა, განახლების არქონა პარტიას გაუგრძელდეს, მაშინ ხმას მისცემთ ნიკა მელიას. თუ გინდათ ცვლილებები, ნამდვილი ბრძოლა, განახლება და არა კოსმეტიკური რემონტი, მაშინ მხარს დამიჭერთ მე და ჩემს გუნდს, რომლებიც მზად არიან, საქართველოს თავისუფლებისთვის თავი დადონ.

მოძრაობა „საქართველოსთვის“ და ყველა ის აქტივისტი, რომელიც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის, იქნება ამ ბრძოლის ავანგარდში. პარტიული ოფისები და ეს შენობა, სადაც მოკალათებული არიან პარლამენტში და კომფორტში, ვერასოდეს დაამარცხებს რუს ოლიგარქს. რუს ოლიგარქს დაამარცხებს პირადი დისკომფორტის შექმნა, რომელიც შესაძლებელია თავგანწირვით და არა თბილ ოფისებში ჯდომით, არა ხელფასზე ჩამოკიდებით, უუნარობით და არა გამარჯვებას როცა ვერ ასხივებ.

აქედან დაწყებული ბრძოლა გაგრძელდება იმით, რომ ვამხელთ ნიკა მელიას და მის გარემოცვას, რატომ ჩამოშალეს პარტია, როგორ არამიზნობრივად დახარჯეს ამდენი რესურსი, როგორ ჩატოვეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში და როგორ კვდება ის პუტინის ტყვეობაში, როგორ არ უნდა დარჩნენ ისინი პარტიაში მართვით რგოლში. მთავარია, ყველა ადამიანმა იგრძნოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია. ყველასთან მივალ და ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვეტ, რომ საქართველოს თავისუფლება გადის თითოეული მოქალაქის თავგანწირვაზე, როგორსაც გვაჩვენებენ ჩვენი უკრაინელი ძმები და ჩვენი ქართველი მებრძოლები უკრაინაში, როგორიც გვაჩვენა ანწუხელიძემ, ტატუნაშვილმა, გაბისკირიამ და თავის დროზე ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.