გიორგი მუმლაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა დიდმა ნაწილმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი, ხაბეიშვილს ვუსურვებ წარმატებას, ახლა საჭიროა მეტი საქმე ლაპარაკის ნაცვლად
გიორგი მუმლაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა დიდმა ნაწილმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი, ხაბეიშვილს ვუსურვებ წარმატებას, ახლა საჭიროა მეტი საქმე ლაპარაკის ნაცვლად

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა დიდმა ნაწილმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

მუმლაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილს წარმატებას უსურვებს. ამასთან, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ ყველა აქტივობა, რომელიც დაიგეგმება, უნდა იყოს მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული და თავად ითანამშრომლებს ნებისმიერ ადამიანთან, ვინც აქტიურად იბრძოლებს რეჟიმის წინააღმდეგ.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა. ეს არის ძალიან ემოციური გადაწყვეტილება, მათ შორის იმიტომ, რომ დიდმა ნაწილმა ცვლილებებს დაუჭირა მხარი. ლევან ხაბეიშვილს ვუსურვებ წარმატებას და ახლა საჭიროა მეტი საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ეს იქნება მთავარი, მე ასეთი მოლოდინი მაქვს ამ პარტიისგან ყოველთვის. ბუნებრივია, ეს მოლოდინი ჰქონდათ, მათ შორის, იმ მხარდამჭერებს, ვინც მას და მეც დამიჭირა მხარი. დღეს ვართ სიმბოლურად მიხეილ სააკაშვილის პროცესზე, ამ პარტიისთვის მთავარი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის იბრძოლოს და ყველაფერი გავაკეთოთ ერთად, ყველა აქტივობა, რომელიც დაიგეგმება, უნდა იყოს მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული. საჯაროდ გაცხადებული პოზიცია მქონდა, რომ ჩემი სიმპათიების, ანტიპათიების მიუხედავად, ჩემი თანამშრომლობა გარანტირებული იქნება ნებისმიერ ადამიანთან, ვინც საქმით დაამტკიცებს, რომ რეალურად მიშას თავისუფლებაში აქტიურად ჩართულია ან, ზოგადად, აქტიურად იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, სიამოვნებით ვითანამშრომლებ ნებისმიერ პარტიასთან, რომელიც აქტიურობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ცვლილება უნდა შეეხოს იმას, რაც საჯაროდ იყო გაცხადებული. პირველი – აქტიურობა დაიწყება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ნაწილში და, მეორე მხრივ, პარტია განახლდება ისე, რომ ამ პარტიაში მაქსიმალურად ბევრი ახალი ადამიანი დაწინაურდეს მმართველ რგოლში, იყოს მეტი გამჭვირვალობა, მეტი ღიაობა. ეს არის მთავარი, რაც სჭირდებოდა ამ პარტიას და ალბათ სჭირდებოდათ თვითონ მხარდამჭერებსაც, თორემ სხვა შემთხვევაში ცვლილებებს არ დაუჭერდნენ მხარს. რაიონულ, რეგიონულ დონეზე ყველგან უნდა მოხდეს მაქსიმალური კონცენტრაცია ჩვენი შესაძლებლობების, მათ შორის დაიწყოს მაქსიმალური შეწუხება ბიძინა ივანიშვილის, უნდა დაიწყოს ქუჩის პროტესტი. ამას სჭირდება ცოტა ორგანიზება, მაგრამ დროის თვალსაზრისითაც ეს საკმაოდ სწრაფად არის გასაკეთებლი. თვითმიზანი არ არის დიდი აქცია, აქციები უნდა იყოს შემაწუხებელი. დიდ აქციას სჭირდება მუხტი, რომელიც უნდა აიწიოს აქტიურობით, მოქმედებებით და რას მოახერხებს და რას არა (ლევან ხაბეიშვილი) ჩვენ ერთად ვნახავთ. ყველა კარგ საქმეში ნებისმიერ ადამიანს დავუდგები გვერდში. არავითარ შემთხვევაში არ იქნება, ის აკეთებს და მე არ მივალ, ჩემი მხრიდან ასეთი სისულელეები არ იქნება“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.