გიორგი მსხილაძე - პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატების წარმოდგენა, ვიდრე არ გაუქმდება 19 სექტემბრის ბრძანება და ბანკის გარშემო ვითარება არ გამოსწორდება
ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გუშინ დატოვეს თანამდებობები. როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეროვნული ბანკის წევრებთან შეთანხმებული არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, ვიდრე არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი ბრძანება და ეროვნული ბანკის გარშემო ვითარება არ გამოსწორდება.
„ნახეთ, რომ კანდიდატები არ იყვნენ წარმოდგენილი კომიტეტზე. ეს მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. ასევე, რა მექანიზმები არსებობს უკან გაწვევის, ამაზე დეტალებში არ შევალ. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, კონსტიტუციას არღვევს უმრავლესობა. კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის თავის საქმეში დამოუკიდებელი და მის საქმიანობაში ირიბად, ზეპირად თუ რაიმე ფორმით ჩარევა არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, – „გამორიცხავთ თუ არა, რომ კანდიდატებმა თავად თქვან უარი თანამდებობებზე?“ – მსხილაძე პასუხობს: „ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი. ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები თუ თვითონ იტყვიან უარს, ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი გაწვეულები არიან“.
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საბჭოს წევრობის აღნიშნული კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ. მომხსენებლმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზეც აღნიშნა, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კომიტეტში კანდიდატების წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები სხდომას არ ესწრებოდნენ, კენჭისყრა შედგა და კომიტეტის წევრემა მათ მხარი არ დაუჭირეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ეროვნულ ბანკში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. გუშინდელ ბრიფინგზე კი, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „სანქციების აღსრულების წესში ცვლილება მიმართული არ არის კონკრეტული სახელების, გვარების დაცვისკენ, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავს“.
აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.