გიორგი მსხილაძე - პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა „დაგროვებითი პენსიის“ კანონში ცვლილებებს და დაუბრუნა პარლამენტს, ეს არ ნიშნავს ე.წ. ვეტოს
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა „დაგროვებითი პენსიის“ კანონში ცვლილებებს და აღნიშნული კანონი დაუბრუნა პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული არ ნიშნავს ე.წ. ვეტოს.
„განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაშინ როცა ადრე მოქმედი მოდელით ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია.
აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო ნაკლებად მომგებიან პროექტში და არ მოემსახუროს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.
Საპენსიო რეფორმა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომლებიც რეპუტაციულად აზიანებს ამ რეფორმას, არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო სისტემა და მისი სანდოობა პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს მილიონ-ნახევარზე მეტი მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.
აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით კანონის დაბრუნებას, ე.წ. ვეტოს. პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას, აგზავნის კანონს უკან პარლამენტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხუთი დღის ვადაში მოაწერს ხელს“, – განაცხადა მსხილაძემ.