შალვა პაპუაშვილი - კონსტიტუციის თანახმად, „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე პაკეტს დღეს მე მოვაწერ ხელს
„დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ არც ხელს აწერს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის თანახმად, კანონს თავად მოაწერს ხელს.
„საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ პაკეტი „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას, ანუ ვეტო არ არის. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ვეტოებთან დაკავშირებით, რომ არგუმენტად „იმიტომ“ იყო მოყვანილი, როგორც ჩანს, ამჯერად „იმიტომ“ არგუმენტით არ სურდა ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მდივანს პარლამენტში მოსვლა და ამიტომ ხელი არ მოაწერა მას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მე მოვაწერ ამ კანონს დღეს ხელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.