გიორგი მშვენიერაძე - მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისგან ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიღეთ თანხმობა
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” სამუშაო ფორმატი დატოვა, რომელზეც მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებზე მსჯელობდნენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს კოალიციის წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა, არასამთავრობო სექტორის არგუმენტაციები ირაკლი კობახიძემ არ გაიზიარა.
,,სამწუხაროდ, კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოგვიწია ამ სამუშაო ფორმატის დატოვება. აღმოჩნდა, რომ ორი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი დრო და რესურსი დავუთმეთ პარლამენტის თავმჯდომარისთვის საკუთარი არგუმენტაციის გაცნობას, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის და ამერიკის დიპლომატიური მისიების მოსაზრებებთან. ვინც არ ეთანხმებოდა ამ არგუმენტებს, იყო თავად ,,ქართული ოცნება” და ასევე, კლანი, რომელთანაც მეგობრობასა და ახლობლობაში შემჩნეულია თავად პარლამენტის თავმჯდომარეც და ის ჯგუფიც, რომელიც ლობირებს კლანს. რამდენიმე პრინციპული საკითხი გვქონდა დღეს დაყენებული. სამწუხაროდ, ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიღეთ თანხმობა. პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, რომ ის აპირებს კანონში დარჩეს დებულება, რომელიც კლანს მისცემს საშუალებას, ნებისმიერ კანდიდატს დაუჭიროს მხარი უზენაეს სასამართლოში”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებზე მსჯელობდნენ.