გიორგი მშვენიერაძე - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებამ ბოლო ერთი კვირაა, რაღაც სამიზნეში ამოიღო
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს მკაცრი რეაქცია აქვთ პოლიტიკოსების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ დემოკრატიული საზოგადოებისთვის შეუთავსებელ განცხადებებზე.
როგორც მშვენიერაძე აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე დღეა ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანში ამოიღო.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდს თუ რომელ ამა თუ იმ ინტერესთა ჯგუფს განეკუთვნებიან ადამიანები, თუ კი ისინი არიან საჯარო პირები და ბუნებრივია საჯაროდაც იყენებენ ლექსიკას, რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, ყოველთვის მკაცრი რეაქცია გვაქვს ამაზე.
ასეთი რეაქცია გვქონდა სწორედ, ბოლო პერიოდში გახმაურებულ სკანდალურ ფაქტებზე, რომელი ფაქტებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს არაფორმალურ მმართველობას ქვეყანაში და ადასტურებს, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც არ ისჯებიან მძიმე დანაშაულებისთვის.
სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამაზე არ აქვს ადეკვატური პასუხი. ადეკვატური პასუხი იქნებოდა პარლამენტარების მხრიდან ეფექტური გამოძიების ჩატარება და ამის ნაცვლად პასუხი არის იერიში არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ხელისუფლებამ ბოლო ერთი კვირაა, რაღაც სამიზნეში ამოიღო. მთავარი აქცენტები გადმოდის იმაზე, რომ თითქოს ჩვენ რაიმე ისეთს ვამბობთ, რომელსაც არ უნდა ვამბობდეთ“,- განაცხადა მშვენიერაძემ.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს ფაშიზმის მნიშვნელობა სწორად არ ესმის.
„სამწუხაროდ, ბატონ ირაკლი კობახიძეს არც ფაშიზმი ესმის სწორად რა არის და არც მისი მხარდამჭერები, რადგანაც ფაშიზმი მათ შორის ეფუძნებოდა სწორედ იდეოლოგიას, სადაც უმრავლესობები წყვეტდნენ ყველაფერს ისე, რომ არ იყო დაცული უმცირესობის ინტერესები. ფაშიზმი იყო იდეოლოგია, სადაც უმრავლესობა რასაც წყვეტს, ის არის მართალი.
„ქართული ოცნების“ გუნდში, სწორედ, მათ შორის, ბატონი ირაკლი კობახიძე იყო უმრავლესობის გადაწყვეტილების სისტემური მხარდამჭერი“, – გიორგი მშვენიერაძე.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.
ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.
„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.