გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენილ ნინო ქადაგიძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს
გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენილ ნინო ქადაგიძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენილ ნინო ქადაგიძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, ნინო ქადაგიძე ორჯერ იყო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და მას აქვს პროფესიული მუშაობის დიდი გამოცდილება.

„ნინო ქადაგიძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მათ შორის სასამართლო სისტემაში მუშაობის. დაახლოებით ოცი წლის გამოცდილება. ის ორჯერ იყო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ასევე ორჯერ იყო არჩეული უზენაესი სასამართლოში. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან ბევრი პროფესიული თვისება, რომელიც საჭიროა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის. მე წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნინოს.“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კითხვაზე, რატომ არ დასახელდა სხდომაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ თადუმაძის კანდიდატურაზე საუბარი არ ყოფილა.

„ვფიქრობ, რომ ნინოს ქადაგიძეს აქვს ყველა თვისება, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს სასამართლოს. ყველა ჯერზე ვცდილობ ავხსნა, რომ ზუსტად ის არის ფარსი, როდესაც არანაირი კონსულტაცია გამართული არ არის, საბჭოს წევრებს არ უმსჯელიათ კონკრეტულ კანდიდატზე და კონკრეტული კანდიდატი გამოკვეთილი არ არის, ზუსტად ეს გახლავთ ფარსი, რომ წინასწარ ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თითქოს კანდიდატი იქნება ეს კონკრეტული მოსამართლე ან სხვა“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებთან გამართა.