გიორგი მიქაუტაძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასება სცდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას
იუსტიციის უმალესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე თავს იკავებს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისგან და აცხადებს, რომ ეს საბჭოს უფლებამოსილებას სცდება.
„პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ შევაფასებ. სამართლებრივად, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, ვიდრე მოქმედებს კონსტიტუციის ძველი განაწესი, პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, წარედგინა კანდიდატი, თუმცა, რატომ მიიღო სხვა გადაწყვეტილება, ამის შეფასება სცდება საბჭოს კომპეტენციას“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
კითხვაზე, რამდენად მზად არის საბჭო, შეარჩიოს კანდიდატი იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მიქაუტაძის თქმით, საბჭო იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე. ხოლო რაც შეეხება კანდიდატის დამოუკიდებლობის გარანტიებს, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამის გარანტია სასამართლო სისტემაში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები.
„საბჭო ამ საკითხებზე ადრეც მსჯელობდა, მომავალშიც აუცილებლად იმსჯელებს, თუ რა წესით უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენა. არ არის გამორიცხული, რომ სარეფორმო ჯგუფის სამუშაო შეხვედრებიც გაიმართოს. პირველ რიგში, კანდიდატის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად მივიღეთ. გაუგებარია წინასწარ უნდობლობის გამოცხადება ამ პროცესის მიმართ“, – განმარტავს გიორგი მიქაუტაძე.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ წარადგინა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.