გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარებას არ ეთანხმება
გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარებას არ ეთანხმება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე არ ეთანხმება ირაკლი კობახიძის განცხადებას,  რომ კანონპროექტიდან შესაძლოა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ამოიღონ.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს აქვს ძალიან ცოტა რესურსი და ინსტრუმენტი, რომ შეაფასოს იმ კანდიდატების კვალიფიკაცია, რომელიც მოსამართლეები არ არიან და სურთ უზენაესი სასამართლოს კანდიდატად დასახელება.

„მე არ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება ამოღებული. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მექანიზმი, გასაუბრება, რომელიც ნახევარი საათი გრძელდება და მოგვიწევს შევაფასოთ კანდიდატის კვალიფიკაცია ნახევარ საათში, რაც ვფიქრობ არარეალურია. დასაბუთებას ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურდეს ადამიანს და არ სურდეს საკვალიფიკაციო გამოცდა. თუ კანონი ძალაში შევა და გამოცდები გაუქმდება, დავემორჩილებით კანონს. ვიღებ იმ ძალინ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის პროცესში. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ გვქონდეს დამატებითი ინსტრუმენტი საკვალიფიკაციო გამოცდის სახით, რომ კანდიდატის კომპეტენცია შევაფასოთ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

ამასთან, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ვერ დაეთანხმება ვერც ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ რეკომენდაციაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას.

„რედაქცია, რომელსაც ვიხილავდით, ითვალისწინებს, რომ არც ერთ პროცედურაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი, გარდა ერთისა, საბოლოო კენჭისყრისა, სადაც კონკურენცია აღარ არის. იმდენი კანდიდატია, რამდენიც ვაკანსია. ვენეციის კომისია არაძირითად რეკომენდაციად გვეუბნება, რომ ორი მესამედის კვორუმი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი და ამან ჩიხში შეიყვანოს პროცესი. პარლამენტმა უნდა იფიქროს, რომ ეს პროცესი ჩიხში არ შევიდეს და ორმა მესამედმა კვორუმის ის არ გამოიწვიოს, რომ საბოლოო ჯამში, ვერ დაინიშნონ მოსამართლეები. იმ პირობებში, როდესაც საბჭოს წევრები მონაწილეობენ კონკურსში და ისინი გამოირიცხებიან, მაშინ ორი მესამედის დაგროვება ხდება ბევრად უფრო რთული. მაშინ მე მექნება პარლამენტისთვის შეთავაზება, რომ გაითვალისწინონ ეს არაძირითადი რეკომენდაციები და კვორუმი ორი მესამედის ნაცვლად დაწიონ ნახევარზე. ესეც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, თუმცა ამას არავინ ეთანხმება და ყველა ამბობს, რომ შეიძლება ეს რეკომენდაცია არ გავითვალისწინოთ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.