გიორგი მიქაუტაძე - კონკურსი არის კონკურენცია და ხდება საუკეთესოს შერჩევა, არანაირი კავშირი არ შეიძლება მოიძებნოს მოსამართლეობასა და მეუღლის საქმიანობასთან
გიორგი მიქაუტაძე - კონკურსი არის კონკურენცია და ხდება საუკეთესოს შერჩევა, არანაირი კავშირი არ შეიძლება მოიძებნოს მოსამართლეობასა და მეუღლის საქმიანობასთან

კონკურსი არის კონკურენცია და ხდება საუკეთესოს შერჩევა, შესაბამისად, არანაირი კავშირი არ შეიძლება მოიძებნოს მოსამართლეობასა და მეუღლის საქმიანობასთან, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები არის ტყუილი.

„ეს პროცედურა არის ხანგრძლივი, მთელი სამი წლის განმავლობაში სამი მოსამართლე და სამი არამოსამართლე წევრი აფასებს თითოეულ კანდიდატს, აკეთებს შესაბამის დასკვნებს, კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით, შემდეგ ხდება ქულებით შეფასება, რის მიხედვითაც ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მოსაზრებებს, რომელიც გამოითქვა, არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა. ეს კანდიდატები შეფასებული არიან დადებითი ქულებით. დღევანდელ დღეს ამ საკითხის ასე ხელოვნურად წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია, სიცრუე და პირდაპირ დაკავშირებულია მცდელობასთან პოლიტიკა შემოიტანონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის დღის წესრიგში. კონკურსი არის კონკურენცია და ხდება საუკეთესოს შერჩევა, შესაბამისად, არანაირი კავშირი არ შეიძლება მოიძებნოს მოსამართლეობასა და მეუღლის საქმიანობასთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაინტერესებული მხარეები ცდილობენ, ისეთი პარალელების გავლებას, რომელიც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე 2017 წელს თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს.  საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის კითხვის ნიშნებს ერთ-ერთი კანდიდატის, ნინო მამულაშვილის არჩევა აჩენს. მათი განცხადებით, მამულაშვილი პარლამენტის წევრის, დავით მათიკაშვილის მეუღლეა.