გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ახალ კვლევაში ასახული პოზიტიური ტენდენციები სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგია
სასამართლო სისტემის შესახებ იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში არის ძალიან პოზიტიური ტენდენციები, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კვლევაში ასახული პოზიტიური ტენდენციები სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგია.
„მაგალითად შემიძლია, მოვიყვანო, რომ სასამართლოს მიმართ მოსახლეობის სანდოობა 50%-ზე მეტია. დაახლოებით ამდენივე პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. ეს ის ციფრებია, რომელიც ევროპის ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიებში არის და ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ უსწრებს საქართველო ამ მონაცემებით“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.
„სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ კვლევა კონსორციუმებმა IPSOS France და „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.