კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში.

„სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ კვლევა კონსორციუმებმა IPSOS France და „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის 51% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი ახლოს არის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც 52%-ია.

კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო მაღალია და ის 55%-ს შეადგენს.

ინტერვიუებმა, რომლებიც ჩატარდა პროფესიულ წრეებში, აჩვენა, რომ რეფორმები კარგად მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადვოკატთა უმრავლესობამ შესაბამის კითხვებზე პასუხით რეფორმების უმეტესი ნაწილი დადებითად შეაფასა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი. თუმცა ადვოკატთა 57%-ის აზრით, სასამართლო პროცესის ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა ხუთი წლის წინანდელ სასამართლო განხილვებთან შედარებით (პროკურორთა 74%)“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 52 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სანდო, ხოლო დებულებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სამართლიანი ეთანხმება 55%.

რესპონდენტთა 41% მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა.

„სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა 52%-ს აზრით ხელი შეუყო სერვისების გაუმჯობესებას;  სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა 49%-ს აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე; სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა 47%-ს აზრით, უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა;

სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, მოსახლობის 46%-აზრით დახვეწა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა; ხოლო 39 % აზრით საგრძნობლად შეამცირა კორუფცია სასამართლო სისტემაში; რესპონდენტთა ერთი მესამედი (35%) თვლის, რომ სასამართლოებში დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა მიღება და მხარდაჭერა არის საკმარისად ორიენტირებული დაზარალებულზე;

რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (ჯამში 85%) აცხადებს, რომ შებინდების შემდეგ ქუჩაში მარტო გასვლისას, უბანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს“, – აღნიშნულია კვლევაში.

2013 რესპონდენტი, საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის 10 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარდა თვითშევსებადი ინტერვიუები დაინტერესებული მხარის ოთხი ჯგუფის პროფესიონალებთან მათი რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე: პროკურორები (159), ადვოკატები (380), მოსამართლეები (213) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (12).

პირისპირ ჩატარდა ასევე ინტერვიუები შემთხვევით შერჩეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც იმჟამად სარგებლობდნენ სასამართლოთი და იყვნენ რომელიმე მხარე სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართალწარმოებაში (186 რესპონდენტი).