გიორგი მღებრიშვილი - საქართველოს უსაფრთხოების სტანდარტები დღითი დღე უმჯობესდება და ამას სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგი ცხადყოფს
საქართველოს უსაფრთხოების სტანდარტები დღითი დღე უმჯობესდება და ამას სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგი ცხადყოფს, – ამის შესახებ შსს-ს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩემო პოლიციელებო, ჩვენი მიღწევები, თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის, ენთუზიაზმისა და რწმენის შედეგია. რწმენის, როცა მიუხედავად არა ერთი ყოველდღიური გამოწვევისა, გჯერათ, რომ ემსახურებით მართალ საქმეს და თქვენი წვლილი შეგაქვთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში, ჩვენი ოჯახების, შვილების, ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ერთი წლის წინ პოლიციის დღეზე მინისტრმა განაცხადა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდა შსს-ს სისტემის განვითარების მიმართულებით ახალ პროექტებს.
„პოლიციის ნაწილში ეს არის ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო მეთოდის დანერგვა, ვიდეომეთვალყურეობის თანამედროვე სისტემებისა და ერთობლივი მართვის ცენტრის, ასევე დნმ ბანკის შექმნა, კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საგზაო უსაფრთხოების სფეროში ახალი მიდგომების დანერგვა, შსს-ს აკადემიის ბაზაზე რეგიონული ტრენინგ ცენტრის ჩამოყალიბება, საზღვრის დაცვის მიმართულბეით თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად გამოყენება და საზღვრის მართვის გაძლიერება. ერთი წლის თავზე მე შემიძლია სიამაყით გითხრათ, რომ ყველა ეს პროექტი უკვე შემუშავებულია და განხორციელების ეტაპზეა. ხოლო ამ პროექტების უმეტესობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. შსს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლის ინიციატორი იყო“, – განაცხადა მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, რუსთავში 112-ის ახალი შენობა გაიხსნა. ამასთან, ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი სერვისების გამო, 2016 წელს საქართველოს 112 მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის საუკეთესოდ აღიარეს.
„შსს-ს მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ასევე ახალი სერვისი დაინერგა. საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე წარმატებით განხორციელდა შსს-ს პროექტი „მოთხილამურე პატრული“. წლევანდელ სეზონზე 500-მდე საქართველოს მოქალაქესა და ჩვენი ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინეს დახმარება. ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, სტიქიისა და სხვადასხვა განსაცდელის დროს, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 2016 წლიდან დღემდე 2000-მდე მეტი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. მადლობა მინდა გითხრათ ამ თავდადებისთვის“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შსს-ს წევრობა არის დიდი და საპასუხისმგებლო მისია.
„ტვირთი, რომელიც ბოლომდე ღირსეულად უნდა ვატაროთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც აირჩიეთ ყველაზე სახიფათო პროფესია, რთული, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად და ეს არჩევანი სრულიად გააზრებულად გააკეთეთ. თქვენ გიხმობენ მაშინ, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ. გენდობიან, ეიმედებით და ეს ნდობა ჩვენ ყველამ უნდა გავამართლოთ. სწორედ ამიტომ, ინტენსიურად ვმუშაობთ საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მოდელის ჩამოყალიბებაზე“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
შსს-ს მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლიციელების ოჯახის წევრებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პოლიციელების ოჯახის წევრების, რადგან სწორედ ისინი უმაგრებენ ზურგს ჩვენი უწყების თითოეულ თანამშრომლებს. მადლობას გიხდით გამძლეობისთვის და იმ უძილო ღამეებისთვის, რომელსაც თქვენი ოჯახის წევრების მოლოდინში ატარებთ, როცა ისინი სხვა ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთოებისთვის იბრძვიან. პოლიციელები ვართ ჩვენი ქვეყნის მსახურები და ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს. პოლიციამ მთელ მსოფლიოში და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო ბევრად უსაფრთხო და უკეთესი გახდეს. პოლიციელი გმირია, ვემსახურები საქართველოს, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.