გიორგი მღებრიშვილი - საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში
დღეს საქართველო პოლიციელის დღეს აღნიშნავს და როგორც ხედავთ, ჩვენს ზეიმს იზიარებენ და თითოეულ თქვენგანს, თითოეულ პოლიციელს გვერდში უდგანან მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამართალდამცველები – ჩვენი კოლეგები და მეგობრები დასავლეთიდან, ჩვენი რეგიონიდან, – ამის შესახებ – შსს-ს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
„მაქსიმალურად ვცდილობთ მათ მხარდამხარ ვიდგეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ საქართველოს პოლიციელს პოლიციის პროფესიული დღე მივულოცოთ. სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელის ერთიანობასა და სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მიმდინარე წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობენ, ქართველი ხალხის ამ ისტორიულ მონაპოვარში თითოეულ პოლიციელს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, 2017 წლის 4 აპრილს ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ისტორიული შეთანხმება გაფორმდა.
„ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში. 28 პარტნიორ ქვეყანასთან საქართველოს შსს-ს გაფორმებული აქვს შეთანხმებები სამართალდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ორმხრივი ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ჩვენ 13 პარტნიორ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოში გვყავს პოლიციის ატაშეები“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, 2016 წელს შსს-ს გენერალური ინსპექცია კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების წევრი გახდა. ამასთან, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მალე ევროპული და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული სტატუსის მქონე საპოლიციო ძალების გაერთიანებას შეუერთდება.
„წელს შსს-ს აკადემია, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივ წევრად აირჩიეს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვხდებით დასავლური სამყაროს ღირსეული ნაწილი, ამაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.