გიორგი მარგველაშვილმა ვიტალი დარასელიას ოჯახს ღირსების ორდენი გადასცა
გიორგი მარგველაშვილმა ვიტალი დარასელიას ოჯახს ღირსების ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას ოჯახს ღირსების ორდენი გადასცა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი, აჩვენებდა თავის უნარს, რომ შეუძლია გაიმარჯვოს და იყოს წარმატებული.

„ჩვენ ვუყურებდით როგორ თამაშობდნენ და იმარჯვებდნენ ჩვენი სპორტსმენები. ეს არ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო საქართველოს გამარჯვება, ქვეყნის, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი, მაგრამ აჩვენებდა უნარს, გაიმარჯვოს და იყოს წარმატებული. ამ პერიოდის განსაკუთრებული სიყვარული, ტკივილიც და აღტაცებაც ვიტალი დარასელიას სახელს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლები არ ვიყავით, როდესაც ფეხბურთელები იმარჯვებდნენ, გვეუფლებოდა გრძნობა, რომ ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვიტალი დარასელიამ 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფის “რაინშტადიონზე” ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. „დინამო“ თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. ქართველმა ფეხბურთელებმა იენის “კარლ ცაისი” ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.