გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სლოვაკ კოლეგას ანდრეი კისკას შეხვდა.
შეხვდრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო იყო.
მხარეებმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ამ საკითხის საერთაშორისო და ევროკავშირის დღისწესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრეზიდენტს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების მხარდაჭერისათვის, რომელიც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს მოქალაქეების იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრეზიდენტს იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის და საქართველოს ინტერესების ადვოკატირებისთვის, რასაც სლოვაკეთი ახდენს საერთაშორისო არენაზე და მათ შორის გაეროს ტრიბუნიდან.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთო ევროპული კეთილდღეობისთვის საქართველოს როლზე და იმ თანამშრომლობის პროექტებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
მხარეებს შორის საუბარი, ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზეც იმსჯელეს. მხარეებმა ასევე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად უნდა გადაიდგას.