საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი რეზიდენტი ელჩი საქართველოში ბერნარ ფასიე სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბერნარ ფასიე საზღვარგარეთ ქართული კულტურის, მეცნიერების და ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა.
ღირსების ორდენი გიორგი მარგველაშვილმა ბერნარ ფასიეს მეუღლეს პირადად გადასცა.
ღირსების ორდენით დააჯილდოვა ასევე საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ ლევილის მერს ერიკ ბრევს საფრანგეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებისა და ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.
დაჯილდოების ცერემონია „ინტერალიეს“ ისტორიულ სასახლეში საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ლევილის პოფილი და მოქმედი მერები, საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლები და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი.
„ჩემთვის დიდი პატივის პრეზიდენტის ჯილდო, არა მხოლოდ ჩემთვის არამედ ყველა იმ მერისთვის ვინც საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებზე მუშაობდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მერობის პერიოდში საბოლოოდ დაუბრუნდა ლევილის შატო საქართველოს. ლევილის საქართველოსთან დაახლოებით 100 წლიანი ისტორია აქვს, პირველი რესპუბლიკის მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით სწორედ ლევილში ცხოვრობდა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის“, – განაცხადა ლევილის მერმა ერიკ ბრევმა.