გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება 51-ე სკოლიდან მიულოცა
თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.
მარგველაშვილმა მოსწავლეებს, პედაგოგებს წარმატებები უსურვა.
პრეზიდენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია გაიხსენა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, რომ ძალიან დიდი სიყვარული გამოვხატო და იმედი ბევრი სიკეთის. მინდა პირველკლასელებს მივულოცო და ვუთხრა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში.
ახალი კლასელები, მასწავლებლები, მეგობრები, რაც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნება. მშობლებს მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ, რომ ბედნიერად და ხალისით განვლოს ამ ერთმა წელმა იმათთვის, ვინც ახლა ამთავრებენ სკოლას.
თქვენთან ერთად მინდა ვიყო და გითხრათ იმ ტკივილზე, რომელიც თქვენ განიცადეთ. ასეთმა ტკივილმა და ამ ტრაგედიამ ალბათ ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს, იმიტომ რომ ტრაგედიაც გამოცდილებაა ადამიანისთვის და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულში, გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ თანადგომაში, ფიქრობ, რომ უკეთესს მივცემთ ჩვენს შვილებს.
ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვარ დღეს, თქვენს სირთულეშიც და თქვენს სიხარულშიც.
მინდა, ამ პატარა ბავშვების საქართველო დავლოცო, მომავალი, რომელიც იქნება კიდევ უფრო კარგი და უფრო ბედნიერი. პედაგოგებს დიდ გამძლეობას, სიმტკიცეს და სიყვარულით მთელი ამ პრობლემების დაძლევას გისურვებთ ჩემო საყვარელო მასწავლებლებო“, -განაცხადა მარგველაშვილმა.
51-ე სკოლა წელს საიუბილეო მე-100 სასწავლო წელს იწყებს. წელს 51-ე სკოლამ 150 პირველკლასელი მიიღო.