გიორგი მარგველაშვილმა ლუკ კოფთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორგანიზაციის Heritage Foundation „დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის“ დირექტორი ლუკ კოფი მიიღო.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ასევე, განიხილეს ამერიკის როლი ამ პოლიტიკური ინტეგრაციის დაჩქარების პროცესში და ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დღის წესრიგის გამყარებას.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი იმ საკითხების განხილვა იყო, რომელიც დღეს აქტუალურია საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში.
„პირველ რიგში, ეს არის ნატო-ში საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაცია და ამერიკის როლი ამ პოლიტიკური ინტეგრაციის დაჩქარების პროცესში. ლუკ კოფი წარმოადგენს დღეს აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, აკადემიურ ორგანიზაციას, რომლის რეკომენდაციები ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში ძალიან ხშირადაა გათვალისწინებული“, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.