გიორგი მარგველაშვილმა კონგრესში ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა კონგრესში და კონგრესმენ ჯერალდ კონოლს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა რეგიონის და საქართველოს უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის, რომელიც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისას და მიღებისას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირება, მხარდამჭერი ტერმინოლოგიის და განცხადებების მობილიზება, – ეს მხარდაჭერა გულისხმობს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და რუსეთის ოკუპაციის, ასევე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.