გიორგი მარგველაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოში მოიწვია
გიორგი მარგველაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი 26 მაისს პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი და ჟან-კლოდ იუნკერი ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ.

მხარეები ახალი ფორმატის შექმნაზე მუშაობას უკვე იწყებენ. ურთიერთობების ახალი ეტაპი დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატის შემუშავებას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა აქტიური და პოზიტიურია და გასული წელი დინამიკური პროგრესით გამოირჩეოდა. საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს დელეგაციას გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის ბოლო დროინდელ აგრესიულ ქმედებებს, მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილისა და ორი მოქალაქის დაკავების გამო.

საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყნის მიღწევებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს. შეხვედრისას აღინიშნა ინსტიტუციური, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

მხარეებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, პარტნიორებთან ერთად გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი, უვიზო მიმოსვლის პროცესში გართულებების თავიდან აცილების მიზნით.