გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა
გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან ერთად, ლიტველ კოლეგა დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილმა ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს მიერ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის რესპუბლიკის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ევროპელ ლიდერებთან, არაფორმალურ გარემოში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მათი მონაწილეობის საკითხი განიხილა.

ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი თორლასიუსი, ლატვის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საული ნინისტო ესწრებოდნენ.

გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსს ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამუშაო ვიზიტით ეწვია.