გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან საქართველოს მხარდაჭერის აქტის საკითხი განიხილა
გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან საქართველოს მხარდაჭერის აქტის საკითხი განიხილა

აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო, აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან კონსულტაციები საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მომავალი პერსპექტივებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციასთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც სასახლეში შედგა.

შეხვედრისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო მუდმივად გრძნობს შეერთებული შტატებისგან და განცხადებებისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად კეთდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, დიდი დრო დაეთმო, საქართველოს მხარდაჭერის აქტის ინიციატივის შესახებ საუბარს, რომელმაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალ დონეზე უნდა აიყვანოს.

„კიდევ ერთხელ, აშშ-ს ორივე პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა პრინციპული დაინტერესება ამ საკითხთან დაკავშირებით და ის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში არსებობს ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების რესურსი“,- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.