გიორგი მარგველაშვილი - თავისუფლება არის რეალობის გააზრება და მომავლის გააზრებული ღირებულებებით დაგეგმვა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში საზოგადოების როლზე და საზოგადოების მიერ ხელისუფლებისათვის შემკვეთის ფუნქციების შესრულების საჭიროებაზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, რომლის შემდეგ უკვე 100 წელი გავიდა, დღეს მივისწრაფვით თავისუფლებისაკენ. მისივე თქმით, თავისუფალი იქნება ერი, როცა გაიაზრებს, რა რეალობაში ცხოვრობს, რა არის მისი რეალობა და გეგმავს საკუთარ მომავალს საკუთარი გააზრებული ღირებულებებით. „თუ არ ვიცით თავისუფლების არსი, ვერ გამოვიყენებთ მას“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დემოკრატია არის მმართველობის ის ფორმა, როცა ხელისუფლება ხალხის ხელშია და დაცულია ყველა ინდივიდის უფლება. მარგველაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, რეალობაში ხშირად ასე არ ხდება, საზოგადოება არ ხდება ხელისუფლების და მიმდინარე პროცესის რეალური მმართველი, ხდება ადამიანის უფლებების ნიველირება, რაც გადაიზრდება მმართველობის სხვა ფორმაში და ვიღებთ ტოტალიტარიზმს.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დემოკრატიული მმართველობისას მოქალაქეა ხელისუფლების საქმიანობის შემკვეთი, როგორ მართოს სახელმწიფო, როგორ დაიცვას მისი უფლებები.
„თუ თქვენ, მოქალაქეები ხელში არ აიღებთ მმართველობის იარაღს, არ გახდებით ხელისუფლების კვალიფიციური შემკვეთი და მაკონტროლებელი, ეს ქმნის საშიშროებას, რომ თქვენი ინტერესები გამოყენებული იქნას თქვენივე წინააღმდეგ. რამდენადაც მცოდნეა ამომრჩეველი შეკვეთაში, დავალების მიცემაში, რომლითაც ის მიმართულებას აძლევს ხელისუფლებას… ეს არის სწორედ ის ხარისხი, ის უნარი, რომელიც ჩვენს ყოფას განაპირობებს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დღეს, როცა ვხედავთ ამომრჩევლის დაკვეთას, ვერ ვხედავთ ნათელ, გამოკვეთილ სურვილს, თუ რას ვავალებთ მმართველებს, ამიტომ ხშირად ხელისუფლება, რომელსაც უკვე აქვს მინიჭებული მანდატი, ამ მანდატს იყენებს საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებებისამებრ და თავს ახვევს საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კვალიფიციური შემკვეთისა და შეკვეთის გარეშე ვერ შედგება დემოკრატია. მისივე თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველი არის საზოგადოების ნათელი დაკვეთა, რა სურს მას და მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს, რომ დემოკრატია აქციოს თავისუფლებად და არა მონობად.
„როდესაც გავიაზრებთ ჩვენს სურვილებს და ღირებულებებს და გავიაზრებთ დაკვეთას ხელისუფლების მიმართ, გავიაზროთ ის დავალებები და სურვილები, რასაც ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკოსებისაგან“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.