გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კატალიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან საიუბილეო, მეორმოცე წლისთავს. ოთხი ათწლეულის წინ ცოტა ვინმე თუ აცნობიერებდა იმას, რაც დღეს ყველასთვის ცხადია – რომ თქვენი აღსაყდრება გახდებოდა ბოლო ათწლეულების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ერის ისტორიაში.
ურთულესი, დრამატული მოვლენების ამ ეპოქაში თქვენი ბრძნული მეგზურობა და სიყვარულით აღსავსე მსახურება პიროვნული სრულქმნის, თანამოძმეთა სიყვარულისა და უანგარო მსახურების ფასეულობათა დამკვიდრებით მყარ ნიადაგს ქმნის ჩვენი საზოგადოების ერთიანობისა და წინსვლისათვის.
ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ მათ, რომ კვლავაც დიდხანს გეპყრათ ხელთ ჩვენი სულიერი ცხოვრების საჭე.
დღეგრძელობასა და მხნეობას გისურვებთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში.