ილია მეორე - ეს 40 წელი იყო უმძიმესი და მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ჩემთვის ლოცულობს
ილია მეორე - ეს 40 წელი იყო უმძიმესი და მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ჩემთვის ლოცულობს

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღებული მილოცვებისთვის მადლობას იხდის.

„ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს მოლოცვები.  ყველას მადლობას ვუძღვნი და მინდა ვთქვა, რომ ეს 40 წელი იყო უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით ღვთის ლოცვა-კურთხევითა და დახმარებით ჩვენ განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა ეს სიმძიმე. მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, ვინც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ. კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გიძღვნით თქვენი სიყვარულისთვის. მე მახსენდება ერთი შემთხვევა, გერმანიაში რომ ვიყავი, სტუდენტები მოვიდნენ ჩემთან და ერთმა სტუდენტმა მითხრა – უწმინდესო, ისე მიყვარხართ, როგორც საქართველოო. მადლობთ, გაიხარეთ ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. განსაცდელი გამოვლილი გვაქვს, შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი დამშვიდდება, ჩვენი ერი გამთლიანდება და გაიხარებს. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა.

საზეიმო ლიტურგია პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღევლენა.

დატოვე კომენტარი