გიორგი მარგველაშვილი - სარეზერვო ფონდის პროექტებით პრეზიდენტი პიროვნულ შეხებაშია საზოგადოებასთან, აუცილებლად უნდა დაუტოვონ მას ეს შესაძლებლობა
მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ფონდის დაფინანსება აუცილებლად გაგრძელდეს.
როგორც მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის ფონდის საქმიანობის ანგარიშზე განაცხადა, აღნიშნული ფონდის პროექტებით პრეზიდენტი საზოგადოებასთან უშუალო შეხებაშია.
„არააღმასრულებელი პრეზიდენტის ძალა იმ ადამიანებშია, რომლებიც ახორციელებდა ამ ფონდის პროექტებს. მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვისაც ეხება ფონდის დაფინასების საკითხი, აუცილებლად დაუტოვონ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა, რადგან ამ ფონდის პროექტებით პრეზიდენტი არის პიროვნულ შეხებაში ჩვენს საზოგადოებასთან. შესაბამისად, მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ არ შეუკვეცონ ახალ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის ხუთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო. ანგარიშის თანახმად, 2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი დაფინანსდა.
ამასთან, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.