გიორგი მარგველაშვილი - საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის პოლიტიკაზე პასუხი ნატო-ს ახალი გაფართოება უნდა იყოს
ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრას დაესწრო და ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც დღემდე საქართველომ მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მსოფლიო საერთო უსაფრთხოებაში, რომელმაც ნატო-სკენ სწრაფვის განაცხადი 16 წლის წინ გააკეთა და ამ პერიოდში მისი პროგრესი შთამბეჭდავია, ის ჩამოყალიბდა, როგორც ყველა ქვეყნისათვის სამაგალითო სახელმწიფო.
“დღეს საქართველო უკვე ნატო-სთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად ემზადება წევრობისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში და კონკრეტულად, რეგიონის მნიშვნელობაზე ევროატლანტიკურ უსაფრთხოების, ის თუ რა შესაძლებლობებს ხსნის საქართველო თანამშრომლობისათვის და რატომ არის საქართველოს დაცულობა მნიშვნელოვანი ნატო-სთვის.
გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა, რადგან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე პასუხის გაუცემლობის შედეგია, რომ დღეს მივიღეთ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ. ეს არის ერთიანი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ, რასაც უნდა გაეცეს პასუხი და ეს პასუხი უნდა იყოს ნატო-ს ახალი გაფართოება და ამ კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლა. დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს წევრობისთვის. საქართველო მზად არის, რომ ნატო-სთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ფაქტობრივად ყველა სახელმწიფოს მეთაურმა, როგორც გენერალურმა მდივანმა ისე ოცდაცხრა ქვეყნის ლიდერმა ერთხმად აღნიშნა, რომ საქართველო არის ღირსეული, მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი პარტნიორი. ყველამ ერთხმად დააფიქსირა ის პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველომ და აღინიშნა, რომ ის არის შთამბეჭდავი და სამაგალითო სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის.
„ამავდროულად მადლობა გადაგვიხადეს იმ მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში. რამდენიმე ქვეყანამ სესიაზე მოითხოვა დაუყოვნებლივ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება. საბოლოო ჯამში ყველა ქვეყანა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს დღეს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს წევრობისთვის და რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯრის გახსნაზე და საქართველო მზად არის ამ დიალოგისთვის”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.