გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არ უნდა დარჩეს საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არ უნდა დარჩეს საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის – ეუთო-ს ელჩებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, საქართველოსთვის ეუთო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები განიხილეს.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების პრობლემატიკას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. იმ საკითხებს, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცებას, წამებას, ადამიანის უფლებათა დარღვევას.

საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლითაც უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განსაკუთრებით ეუთო-ს როლი რეგიონში არსებული უსაფრთხოების კონტექსტში.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დარჩენილი მონიტორინგის მიღმა.

გიორგი მარგველაშვილმა ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს რეგიონში და მადლობა გადაუხადა ელჩებს იმ დახმარებისათვის, რასაც საქართველო გრძნობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებს, დემოკრატიულ გარდაქმნებს და იმას, თუ რა რეფორმები ტარდება ქვეყანაში.