გიორგი მარგველაშვილი - საქართველო რუსეთთან წინააღმდეგ ყველა სანქციასთან არის შეერთებული
რუსეთთან მიმართებაში საქართველო ყველა სანქციასთან არის შეერთებული, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კითხვას იმის თაობაზე, თუ რას აპირებს საქართველო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მექანიზმს შეუერთდეს.
პრეზიდენტის თქმით, ამავე საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და თანამდებობის სხვა პირების განცხადებებმა დაბნეულობა შემოიტანა.
გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებაში არსებული მექანიზმის დახვეწის პროცესში, საუბარი იყო იმაზე, რომ ეს სანქციები არ არის მხოლოდ იმ დანაშაულებრივი ქმედების გამო, რაც განხორციელდა უკრაინის წინააღმდეგ, არამედ იმ დანაშაულების გამო, იმ ისტორიული უსამართლობისთვის, რაც განხორციელდა 2008 წლის ომის შედეგად.
„ასე საკითხის დაყენება, ბუნებრივია, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებშია. სულ მუდმივად ვამბობთ, რომ 2008 წლის შედეგ არ დაწესდა სანქციები რუსთის წინააღმდეგ, ეს იყო წინაპირობა, რომ ყირიმისა და უკრაინის ნაწილის ოკუპაცია მოხდა. ასე რომ, პოზიცია ძალიან ნათელია – რაც შეიძლება მეტად უნდა გავზარდოთ წნეხი, მათ შორის საქართველოს ინტერესების შელახვისთვის. როდესაც საქართველოში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ შეთანხმებას და შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად ვიმოქმედებთ საერთაშორისო არენაზე. რაც შეეხება საქართველოს შეერთებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან, საქართველო რუსეთთან მიმართებაში, ფაქტობრივად, ყველა სანქციასთან არის შეერთებული“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
დღესვე, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მოსაზრებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ეს შეთავაზება არ იყო.
უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კიევში გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, მასში ჩაერთოს.