გიორგი მარგველაშვილი - საქართველო და სომხეთი მომხრე ვართ, ყველა რთული საკითხი საერთაშორისო სამართლისა და მოლაპარაკებების ფარგლებში გადაწყდეს
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო და სომხეთი მომხრე ვართ, ყველა რთული საკითხი საერთაშორისო სამართლისა და მოლაპარაკებების ფარგლებში გადაწყდეს

სომხეთის პრეზიდენტის და დელეგაციის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია საქართველოში, მიუხედავად იმ ძალიან კეთილმეზობლური ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სერჟ სარგსიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები მომხრე არიან, რომ ყველა რთული საკითხი უნდა იქნას გადაწყვეტილი საერთაშორისო სამართლის და მოლაპარაკებების ფარგლებში.

„ყოველთვის გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. მნიშვნლოვანი ეს ვიზიტი იმ თვალსაზრისითაც რომ, წელს არის 25 წელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა, არამარტო სომხეთთან, არამედ სხვა ქვეყანასთან და ეს წელი ასე მნიშვნელოვნად ჩვენთვის სრულდება ამ სასიამოვნო ვიზიტით.

შეხვედრის ფარგლებში შევეხეთ მთელ იმ მნიშვნელოვან დინამიკას, რომელიც ვითარდება ორ მოძმე სახელმწიფოს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. მომხრე ვართ, რომ ყველა რთული საკითხი უნდა იქნას გადაწყვეტილი საერთაშორისო სამართლის და მოლაპარაკებების ფარგლებში“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს პერსპექტიულ პროექტებზე, რომელმაც რეგიონს  მეტი ეკონომიკური მოგება, მეტი სტაბილურობა უნდა მოუტანოს.

„ვისაუბრეთ იმ პერსპექტიულ პროექტებზე, რომელმაც რეგიონს უნდა მოუტანოს მეტი ეკონომიკური მოგება, მეტი სტაბილურობა. ვისაუბრეთ ორი ქვეყნის სტრატეგიულ ჩართულობებზე როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე სომხეთის აქტიურ თანამშრომლობაზე ევრაზიული კავშირის ფარგლებში და ხაზი გავუსვით იმას, რომ ამ თავალსაზრისით ორივე ქვეყანამ მოახერხა და მიაღწია იმას, რომ ჩვენს შორის, მიუხედავად იმისა რომ ასოცირებულ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან, ხოლო სომხეთი არის საბაჟო კავშირის წევრი, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით.

წელს ჩვენ ვხედავთ როგორც ეკონომიკურ, ასევე ტვირთბრუნვას ქვეყნებს შორის, ტურიზმის მიმართულებით ჩვენ მხოლოდ ყოველწლიურად ვზრდით მონაცემებს. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, კიდევ ერთი მცდელობა მთლიანად ავითვისოთ პოტენციალი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, რომელიც არსებობს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში და კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ მოძმე ერს შორის.

ნება მომეცით გამოვხატო ბატონო სერჟ ის დამოკიდებულება, რომელიც ქართველებს გვაქვს ჩვენი ისტორიულად მოძმე ერს შორის, გავიხსენოთ ჩვენი არაერთი შეხვედრა, ჩემი ვიზიტი ერევანში, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება და სიხარული გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში “,- განაცხადა მარგველაშვილმა.