გიორგი მარგველაშვილი - საქართველო და ევროკავშირი მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებში თანამშრომლობას გააძლიერებენ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს კვლევების, მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში კარლოს მოედაშს შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებასა და კომისიას შორის ძალიან პოზიტიურ და აქტიურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით კვლევებისა და ინოვაციების სფეროში და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარი თბილისში ვიზიტით მიიწვია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა დინამიკურ პროგრესს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში და იმ შედეგებს, რომლის მიღებაც ქვეყანამ შეძლო და მომავალშიც აპირებს, მიიღოს ასოცირების შეთანხმების გაფორმების, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ.
შეხვედრაზე აღინიშნა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ინტერესია, ქვეყანამ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა ევროკავშირის სტანდარტებთან, ნორმებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში იყოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კულტურა, მეცნიერება და ინოვაციები.
ხაზი გაესვა იმას, რომ მეცნიერება და ინოვაციები საქართველოს საშინაო დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო.