კარლოს მოედაში - ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც არამხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს შეცვლის
კარლოს მოედაში - ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც არამხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს შეცვლის

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება და განათლების, მეცნიერებისა და კვლევებისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება. ეს იქნება მნიშვნელოვანი პროექტი არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ბევრი ერთობლივი პროექტი განვახორციელოთ,- ამის შესახებ ევროკომისარმა კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში, კარლოს მოედაშმა განაცხადა.

„ჩემი აზრით ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც შეცვლის არამხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს. ეს არის დიდი საჩუქარი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების „შექმნის“ საქმეში, რასაც ქვეყნის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება და განათლების, მეცნიერებისა და კვლევებისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება. ეს იქნება მნიშვნელოვანი პროექტი არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. ეს პროექტი ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“,- განაცხადა ევროკომისარმა.

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ქართული დელეგაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა და მას საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებასა და მშენებლობას. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პროექტი მართლაც შთამბეჭდავია და ის დიდ როლს შეასრულებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებაში.